მეუფე სტეფანეს ვიზიტი აბაშაში: ლიტურგია და შეხვედრა მრევლთან

  • აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), საღვთო ლიტურგია აღავლინა და მრევლი დალოცა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღვთო ლიტურგიას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის მოადგილეები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოება ესწრებოდა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, აბაშის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში მეუფე სტეფანემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე მეუფემ ისაუბრა ქრისტიანული ცხოვრების ღირებულებებსა და ეკლესიის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ მეუფეს, დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები.

შეხვედრის დასასრულს, მეუფე სტეფანემ მრევლს საჩუქრად გადასცა საკუთარი წიგნი – „ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლები“.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყველა სოფელს სტუმრობს, ხვდება მოსახლეობას, აღავლენს ღვთისმსახურებას და აკურთხებს მრევლს. აღნიშნული შეხვედრები და სოფლებში საეპისკოპოსო მსახურებები რამდენიმე დღეში, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში დასრულდება.