აბაშაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

  • აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ გაარღვია დამცავი დამბა, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე, ვახტანგ გაბელაია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე ჩართულია მუნიციპალური სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.ამ დროისთვის, წყლის დონე იკლებს.

უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.