- აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაიით, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ გადაიხადა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ იასონ კიზირიამ, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების აბაშის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხელოვნების სკოლაში ქართული მუსიკის კონცერტი მიმდინარეობს, გამოფენილია სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრები.
ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკსა და მიმდებარე სივრცეში წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.
სადღესასწაულო ღონისძიებები 17:00 საათზე კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი გუნდების კონცერტით გაგრძელდება.
17:10 საათზე, 1918 წლის 26 მაისის ისტორიული დროის აღსანიშნავად, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

