აბაშის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები ცივი შესხურებით მუშავდება

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ცივი შესხურებით წამლობა მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტის ანჯერის მასივებში ტყის პერიმეტრები და ჯაგნარები მძიმე ტექნიკით /ტრაქტორებით/ მუშავდება.

“ცივი შესხურებით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი მავნებლის პირველი თაობის ნიმფების საწინააღმდეგოდ ხორციელდება, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს რძის ფაზაში მყოფი სიმინდის მასივების სრულ დამუშავებას. ანჯერის მასივების მიმდებარე ტერიტორიებზე 7 ერთეული მძიმე ტექნიკით 500 ჰა ფართობი დამუშავდა.

სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნებლისგან მიყენებული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები. ინტენსიური მონიტორინგის საფუძველზე კი, დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება, თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება ეტაპობრივად განხორციელდება

 ცივი შესხურებით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი ტყის მასივების და ჯაგნარების დამუშავებას ითვალისწინებს.

 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკუთარი საკარმიდამო ტერიტორია აგროსქემების მიხედვით დაამუშავოს, სიმინდის მასივების წამლობებს კი, ცივი შესხურების მეორე ეტაპზე, მართვის ცენტრი უზრუნველყოფს.”-ნათქვამია ინფორმაციაში.