სიმონის და მარიკას მოგიზგიზე სიყვარული

  • პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოდან იყო.

 ის გახლდათ ქართველ ფუტურისტთა ლიტერატურული ჯგუფის ლიდერი და ამავე დროს, ახალგაზრდა მწერალთა გზის გამკვალავი და აქტიური თანამდგომი.

დღემდე ლეგენდადაა ქცეული დედაქალაქში ახლადჩასული, აბაშელი, ნიჭიერი ახალბედა პოეტისა და თბილისელი გოგონას მარიკა ელიავას სიყვარული. სიმონმა, მარიკა, გაცნობიდან 7 წლის შემდეგ შეირთო ცოლად.

მარიკა ხშირად ავადმყოფობდა თურმე. სიმონი მთელი დღეები მის ფანჯრებთან იდგაო ყვავილებითა და ლექსებით. ლიტერატურათმცოდნეები ამბობენ, რომ “სიმონ ჩიქოვანის სატრფიალო ლირიკა, რომელიც სათავეს მარიკას გაცნობიდან იღებს (1927 წელი), ორიოდე გამონაკლისის გარდა, აისახა მის უკანასკნელ ლექსშიც: „იანვარი, თებერვალი, მარტი, სამი თვეა მეტად უღიმღამო. გულის ჯამში დამიგროვდა ჭვარტლი, მოგიზგიზე სიყვარულის გამო.“ ეს „მოგიზგიზე სიყვარული“, მთელი ცხოვრება არ განელებულა და ამას ორივე, სიმონი და მარიკა, ერთნაირად უფრთხილდებოდნენ.

რომ იქორწინეს, მარიკა ოცდასამი წლის იყო, სიმონი, – ოცდაათის. 1937 წლის რეპრესიებს მარიკას მამა და ძმა – ზურაბი ემსხვერპლნენ, რძალი – თინაც გადაასახლეს. სწორედ მაშინ იშვილეს 5 წლის ობლად დარჩენილი ნიკა სიმონმა და მარიკამ. ნიკა, ჩიქოვანების ერთადერთი და უსაყვარლესი შვილი იყო. ნიკამ დედობილ-მამობილის უსაზღვრო სიყვარულის გამო მიიღო ჩიქოვანების გვარი.

მარიკა და სიმონი ერთ მთლიან პიროვნებად იქცნენ. მარიკა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სიმონის ნიჭი და შემოქმედება განვითარებულიყო. ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდნენ. სიმონი ინგლისშიც გაამგზავრა- წლობით ნაგროვები და აგარაკის ასაშენებლად კოოპერატივში ჩადებული თანხა, უკან გამოიტანა და გამგზავრება უზრუნველჰყო.

სიმონს მარიკა რჩევებსაც აძლევდა თურმე. კანდიდ ჩარკვიანი იძულებული გახადეს, ვაჟა ფშაველას შემოქმედება დაეწუნებინა და სიმონ ჩიქოვანსაც, როგორც მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, დაავალეს იგივე გაეკეთებინა. თურმე, მარიკამ ურჩია, არ მიეღო ამაში მონაწილეობა – „დაე, მოგხსნან, საამაყოდ გექნება, რომ ვაჟა ფშაველას გამო მოგხსნეს“. ასეც მოხდა.

ტრაგიკულიც იყო სიმონის და მარიკას სიყვარული: “სიმონის სიბრმავემ, რომელსაც პოეტი დიდხანს მოხერხებულად მალავდა, ახლობლები რომ არ შეეწუხებინა, უფრო დაახლოვა ისინი. მარიკა გახდა მისი თვალი და ხელი. მარიკა უკითხავდა, იწერდა მის ნაკარნახებს. მარიკა, უკვე თავადაც მძიმე ავადმყოფი, სიმონს ოთახიდან ოთახში დაატარებდა, ასეირნებდა. თავის დღიურებში იგი წერდა: „ძნელი სათქმელია, რომელი რომელს დავატარებთ“.

ამბობენ: “სიმონის გარდაცვალების შემდეგ, მარიკამ მხოლოდ იმისთვის იცოცხლა, რომ ქმრის „საქმეები“ მოეწესრიგებინა. შემდეგ კი მკურნალობაზე უარი თქვა. მისმა ანდერძმა არა მარტო ახლობლები, მთელი საქართველო შეძრა. მარიკა ითხოვდა, მისი სხეული დაეფერფლათ და სიმონის საფლავზე მოებნიათ. სიმონი მთაწმინდაზე იყო დასაფლავებული. გასაგები მიზეზების გამო, მარიკას ქმრის გვერდით არ დაასაფლავებდნენ და „მარადიულმა სატრფომ“ არც სიკვდილის შემდეგ ისურვა ქმართან განშორება.

მიუხედავად იმისა, რომ მიცვალებულის კრემაცია უჩვეულო იყო საქართველოში, მარიკა მოსკოვში წაასვენეს. შემდეგ კი, მარიკას ფერფლის ნაწილი მოაბნიეს სიმონის საფლავს, ნაწილი კი მის ფერხთით ჩაფლეს.”