აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

  • აბაშის მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში, შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის”, განახორციელებს დღის ცენტრების ქვეპროგრამას, რომელიც მოემსახურება 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის მომსახურებით, 21 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი ისარგებლებს.

უწყების ცნობით, ცენტრი ზრუნავს ბენეფიციარების სოციალური უნარების განვითარებაზე, უზრუნველყოფს ბავშვების ინტეგრაციას სოციუმში, მათთან კვალიფიციური სპეციალისტები იმუშავებენ კულტურულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. ორჯერადი კვება და ტრანსპორტირება შეადგენს მომსახურების ნაწილს. აღნიშნული სერვისები სრულიად უფასოა.

ცენტრი COVID-19-ის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით იმუშავებს.

“შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ავითარებენ ამ სერვისებს და სთავაზობენ შშმ პირებს. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ მათი მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასარგებლოდ. შშმ პირებს უნდა მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო“,-განაცხადა აბაშის მერმა გიგა გაბელაიამ.