- დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ყველა სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და დროშა აღიმართა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მერაბ მიგინეიშვილთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცა. ნაყოფიერი, წარმატებული და საინტერესო შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული დღეები უსურვა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს 214-მა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარები, რომელთაც პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი) გადაეცათ, ასევე კომპიუტერები გადაეცათ პირველი კლასის დამრიგებლებს.
განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდა ტრანსპორტირების პროგრამა.
ახალი სასწავლო წლისთვის სრულად გამოიცვალა ქოლობნისა და ტყვირის საჯარო სკოლების შენობის სახურავი.
უახლოეს პერიოდში იგეგმება მეორე საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.