- აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა.
აბაშის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდა.
ფესტივალს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა.
ტურნირში აბაშის, ზუგდიდის, სამტრედიის, ყაზბეგის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ახმეტის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სპორტის სამივე სახეობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სიგელებით, თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ცხენოსნობის ფესტივალი მუსიკალური ნომრებით გაალამაზა ფოლკორულმა ანსამბლმა “ჯარგვალი”.
2 წლიანი (1300 მ) და 3 წლიანი (1800 მ) წმინდა სისხლის ცხენებით დოღში გამარჯვება მოიპოვეს აბაშელმა მხედრებმა საბა თელიამ და საბა ხურციამ.
უფროსი ასაკის წმინდა სისხლიანი ცხენებით დოღში (1300 მ და 2200 მ) გაიმარჯვეს ვარდენ კიკაჩეიშვილმა (სამტრედია) და თორნიკე თორდიამ (ოზურგეთი), ხოლო დოღში დაბრკოლებებით (3300 მ) გამარჯვება წილად ხვდა გიორგი ძაგანიას (ზუგდიდი).
ცხენბურთში პირველი ადგილი მოიპოვა აბაშის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა მარტვილის გუნდი, ასევე პირველი ადგილი ხვდა წილად აბაშის გუნდს ისინდში.
ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.