- აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში შეჯიბრი სპორტის სამ სახეობაში: დოღში, ცხენბურთსა და ისინდში ჩატარდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მხედრებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტის სამივე სახეობაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილეებთან, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებთან და გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა.
ინფორმაციისთვის: ღონისძიება საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.