აბაშაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

  • მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს, ანზორ მიქაუტაძეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ანზორ მიქაუტაძეს ჯილდო და ფასიანი საჩუქარი გიგა გაბელაიამ გადასცა.

ასევე მერმა, 23-ვე საჯარო სკოლიდან შერჩეული, ყველაზე ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მქონე თითო პედაგოგი, მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.

ამავე დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ყველაზე ხანდაზმულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ჯემალ გრიგოლიასა და თავის მასწავლებელს, ციალა ღვინჯილიას პირადად მიულოცა პროფესიული დღესასწაული, მადლობის სიგელები, ფასიანი საჩუქრები გადასცა. დღეგრძელობა უსურვა და მადლობა გადაუხადა მათ ხანგრძლივი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გელა ხოშტარია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ მიგინეიშვილი, მერის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები ესწრებოდნენ.